საქართველო და მსოფლიო ”ბლოგბასტარდის” რეპორტაჟში

ამ ბოლო დროს ქართულ პუბლიცისტიკაში თვალში მეცა ერთი გულისამაჩუყებელი ტენდენცია: საქართველო არსებობის ამა თუ იმ ეტაპზე კონტრასტულ შედარებაშია შესაბამისი ეპოქის დანარჩენ ცივილურ სამყაროსთან. სამწუხაროდ, ეს კონტრასტი საქართველოს სასარგებლოდ არასოდესაა და პაროდექსებად და – სრულიად არაოზროვნად რომ ვთქვა – დაახლოებით ამ სახით იჩენს თავს: ‘’მაშინ, როცა ამერიკაში / ევროპაში ელექტრონული მუსიკის ბუმი იყო და სხვადასხვაფრად აციმციმებული ღამის კლუბები ეიფორიულ ფერად-ფერად ახალგაზრდებს ვერ იტევდა, საქართველოს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა და  დასავლელი მუსიკოსების ქართველ თანატოლებს სანთლის შუქში უწევდათ ბნელი და უიმედო გზის გაკაფვა’’.

ერთი მხრივ, ბუნებრივია, რომ გარდა იმისა, რომ კონტრასტები, ზოგადად, მშვენიერი მხტავრული ხერხია, პუბლიცისტისთვის / ავტორისთვის, ამ შემთხვევაში, მომგებიანიც არის: ადგილობრივი აქტუალობის შედარებით თანამედროვე სამყაროს აქტუალობებთან, ავტორი ცდება ადგილობრივ პრობლემებზე საუბარს და გაკვრით, მაგრამ მსოფლიოში მიმდინარე რომელიმე მნიშვნელოვანი ამბის შესახებაც გვამცნობს. მოკლედ, სათქმელი და ტექსტი უფრო მასშტაბური და ფართო გაქანების გამოსდის.

მაგრამ მეორე მხრივ, პუბლიცისტიკაში მიმობნეული ეს შედარებები საქართველოს ისტორიის ფრთიანი და ლაკონური ამსახველებია, რომელთან გაცნობაც ამა თუ იმ ეპოქის საქართველოს პატარა და ზუსტ სურათს გვთავაზობს. ამიტომაც, მათი ამოკრება და თქვენთვის შემოთავაზება გადავწყვიტე.

ამ ეტაპზე შესაბამის ტექსტებზე პატარა მუშაობის და მათზე არც თუ ფართო ხელმისაწვდომობის გამო, ქვემოთ მოტანილი სევდიანი შედარებები უფრო მეტად საქართველოს კულტურულ და სპორტულ ცხოვრებას მოიცავს (თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ორი, ძალიან სოციალური სფერო უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ‘’კარგი’’ ისტორიისთვის, მათი განვითარება ისედაც ყოველთვის პოლიტიკურ კონტექსტში ხდება და საყოველთაო გულისტიკივილის საგანს წარმოადგენს), ეხება საქართველოს ახალ ისტორიას – 60-ანი წლებიდან დღემდე, და სულ რამოდენიმე ავტორის (მათ შორის საკუთარი თავის),ზოგი გრძელი და ზოგიც უფრო მოკლე, ციტატისაგან შედგება, რომელთაგან ზოგი უშუალოდ ”შედარებითი” ტიპის არ არის, მაგრამ ძალიან ზუსტად და ხატოვნად ასახავს ეპოქას.

მოკლედ, წაიკითხეთ და შეაფასეთ ან უბრალოდ შთაბეჭდილება შეიქმენით საქართველოს უახლეს ისტორიაზე, მის მიმართებაზე მსოფლიოსთან გუშინ და დღეს.

 

1. საბჭოთა საქართველო (სოციალიზმის ”ოქროს ხანა” – 60-ანებიდან 80-ანების ბოლომდე):

1) საბჭოთა კავშირიდან მთვარეზე უფრო ადვილად მოხვდებოდა კაცი, ვიდრე საზღვარგარეთ.

(მაყაშვილი ბიძინა: ”როკი საქართველოში ანუ სევდიანი მოთხრობა მხიარულ მუსიკაზე”. ახალი 7 დღე, 2002; 28 აპრილი-2 მაისი)

2) ვინ იფიქრებდა, რომ 50-ან წლებში ალან ფრიდის მიერ როკ ენ როლად მონათლული მხიარული რიტმები 60-ანებში ”ყვავილების” ძალაუფლებად გადაიქცეოდა. 70-ანებში – პანკად, 80-ანებში – სოლიდარობად და 90-ანებში კი სამყაროს გლობალურ პრობლემებზე მზრუნველ მძლავრ ჰუმანიტარულ ორგანიზაციად. თუმცა, ყველაფერი ეს ხდებოდა იქ, რკინის ფარდის მიღმა. აქამდე კი მხიარული ხმაურის ნაცვლად აღწევდა საბჭოთა იდეოლოგიის მიერ ათასგზის ჩახშობილი რადიოტალღები.

(მაყაშვილი ბიძინა: ”როკი საქართველოში ანუ სევდიანი მოთხრობა მხიარულ მუსიკაზე”. ახალი 7 დღე, 2002; 28 აპრილი-2 მაისი.)

3) იმ დროს, როცა ნიუ-იორკთან ახლოს, ვუდსტოკის ფერმაზე შეკრებილი ნახევარი მილიონი ადამიანი, მოუთმენლად ელოდა ჯიმი ჰენდრიქსის სცენაზე გამოჩენას, თბილისში, იმპერიის რომელიღაც მიყრუებულ კუთხეში, იგივე რაოდენობის ხალხი გულმოდგინედ იწერდა ”ბიტელზის” ”თეთრ ალბომს” ”სვემას” მაგნიტურ ლენტაზე.

(მარი კლიმ (2010): მთელი ეს როკ ენ როლი. თბილისი: გამომცემლობა ლეონარდო.)

4) გარეუბნის ქუჩებს კი [დასავლეთში, 60-ანი წლების მეორე ნახევარში. ა.მ.] მემარცხენე იდეებით შეპყრობილი რადიკალები დაეპატარონნენ და მოითხოვნდნენ იმ ბურჟუაზიული ღირებულებების განადგურებას, რომლისკენაც ასე მიისწრაფვოდა ჩვენი ახალგაზრდობა.

(მაყაშვილი ბიძინა: ”როკი საქართველოში ანუ სევდიანი მოთხრობა მხიარულ მუსიკაზე”. ახალი 7 დღე, 2002; 28 აპრილი-2 მაისი.)

5) მაშინ, როცა დასავლეთში კონტრკულტურა მძვინვარებდა, საქართველოში და საერთოდ მთელ საბჭოთა კავშირში ოფიციალური კულტურა გუნდრუკს უკმევდა სოციალიზმს და კულტურის ალტერნატიული ფორმები, ფაქტობრივად, იატაკქვეშ ვითარდებოდა.

(მაყაშვილი ბიძინა: ”როკი საქართველოში ანუ სევდიანი მოთხრობა მხიარულ მუსიკაზე”. ახალი 7 დღე, 2002; 28 აპრილი-2 მაისი.)

6) დასავლეთში ჰიპებმა თმები გაიკრიჭეს; პანკს და ახალ ტალღას დისკო ავიწროებდა. იწყებოდა სტადიონური როკის ეპოქა. ჩვენთან ისევ მძიმე და არტ-როკს უსმენდნენ, ანუ ყველაფერ იმას, რის წინააღმდეგაც პანკებმა გაილაშქრეს … ისიც მხოლოდ დისკებზე და ჩანაწერებზე. ცოცხალ როკთან მიახლოების საუკეთესო საშუალებას სოც-ქვეყნებიდან ჩამოსული პოპ-ჯგუფები წარმოადგენდნენ, რომლებიც, ფაქტობრივად, როკის პაროდიად უნდა მიგვეღო.

(მაყაშვილი ბიძინა: ”სტერეო”. ”როკ-ენ-როლის ეპოქის ზღაპრები”, საქართველოს გაზეთი, 1998.)

7) საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე გაჩნდა ევგენი მაჭავარიანის გადაცემა ”ეს ესტრადაა”. ყურადღება მიაქციეთ სიტყვას – ”ესტრადა”. მე რომ მკითხოთ, ამაზე დიდი შეურაცხჰყოფა როკ-მუსიკისთვის არ არსებობს!

(მარი კლიმ (2010): მთელი ეს როკ ენ როლი. თბილისი: გამომცემლობა ლეონარდო.)

8 ) 80-იანების ბოლოს, [ქეით] ბუშის ერთი ალბომი ჩამივარდა ხელში, რომელმაც მოულოდნელად ამაღელვა და მგონი მხოლოდ მე არა! ამ დისკს ბოლომდე რომ მოვუსმინე, ფინალში მოულოდნელად ქართული ”წინწყარო” შემომესმა. რომ იტყვიან, მართლა ელდა მეცა: ეს ამბავი იმდენად დაუჯერებელი მომეჩვენა, რომ სასწრაფოდ ყდა გადმოვატრიალე და დიდი ყურადღებით შევისწავლე. მაგრამ აქ, კიდევ უფრო დიდი მოულოდნელობა მელოდა: აღმოჩნდა, რომ ”წინწყაროს” ნაცვლად მითითებული იყო: გამოყენებული ფრაგმენტი ჩეხური თუ რუსული ფოლკლორის ნიმუშიაო.

(მარი კლიმ (2010): მთელი ეს როკ ენ როლი. თბილისი: გამომცემლობა ლეონარდო.)

BONUS: ამ სექციის ბოლოს, საუნდტრეკად თუ უბრალოდ დამატებითი კონცეფტუალურობის ან განწყობისთვის (ან კიდევ შემდეგი სექციის პირველ ფრაგმენტთან ჰარმონიულად გადასასვლელად) გთავაზობთ ორ ვიდეოს, რომელიც ორ რადიკალურად განსხვავებულ მუსიკოსსა თუ მუსიკალურ ჯგუფს ეკუთვნის. ერთი სიტყვით, ეს ორივე სიმღერა სრულიად სხვადასხვა ”ოპერიდანაა”.

1)

2) 

 

2. ეროვნული მოძრაობით აღტკინებული და დაღლილი საქართველო (80-ანების ბოლოდან 90-ანების ჩათვლით):

1) ეს სიმღერები [”ჩემო კარგო ქვეყანავ”, ”შავლეგ შენი შავი ჩოხა”] იმდენი გვიმღერეს თუ ვიმღერეთ, სანამ ახალ შარში არ გავეხვიეთ და ”ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტებამდე” არ მივედით. სიმღერაზე სახელდახელოდ შექმნილი კლიპი ქართველი ”სთარების” მონაწილეობით, 4 წლით ადრე ოკეანის გაღმა შექმნილი WE ARE THE WORLD-ის კომიკური გადამღერება იყო. სანამ ჩვენ, ჩვენ თავს დავტიროდით, იქ ჯექსონი, უანდერი, ბობ დილანი და აღარ დავასახელები კიდევ ვინ, გაჭირვებულ მესამე მსოფლიოს უმღეროდნენ, რომელშიც ჩვენ არც კი ვიგულისხმებოდით.

(დარასელი ნინო: ”ქართული ვუზუზელა”. ”დაწერილი აზრები”, azrebi.ge, 2010. წყარო: http://azrebi.ge/index.php?m=734&newsid=195)

2) ”ოსკარებიდან” ოთხი დღით ადრე CNN-მა ერაყის ომიდან პირდაპირი ტელე-რეპორტაჟი დაიწყო. ქართველებს ამით ვერ გააკვირვებ: თბილისის ომის დროს, ანძის გათიშვამდე ჩვენი ტელევიზია ისეთ კადრებს აჩვენებდა მთავრობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიებიდან, რომ ჰოლივუდის ნებისმიერი ”ჰორორი”, ”ფლეი სთეიშენის” თამაშად მოგეჩვენებოდა.

(მაყაშვილი ბიძინა: ”ახალი დრო”. ”ბიძინა მაყაშვილის სვეტი”, 24 საათი, 2003.)

3) დაიწყო ქართული ტრეშული ტექნო-მინიმალი. პანაშვიდებზე ”დვიჟოკის” ხმა, ნავთის პერფორმანსი, ერთხელ ამერიკაში, წრეზე სიარული და ”Caruso” – პავაროტის შესრულებით (ეს უკანასკნელი, რა დამსახურებით, არ ვიცი). ეხლაც მაჟრიალებს გახსენებაზე. ამ დროს მსოფლიოს სხვა კონტინეტზე R.E.M. ”Shiny Happy People” ასრულებდა. ჩვენ კი ისევ ვტიროდით და წრეზე დავდიოდით (ისე, წინა საუკუნეში დაკარგული აფხაზეთი ჩვენს მუსიკოსებს 21-ე საუკუნეში გაახსენდათ და ნეტავ ეს სულ არ დამართნოდათ).

(დარასელი ნინო: ”ქართული ვუზუზელა”. ”დაწერილი აზრები”, azrebi.ge, 2010. წყარო: http://azrebi.ge/index.php?m=734&newsid=195)

4) … თვალწინ მიდგება ”პირველი არხის” ერთ-ერთი თანამშრომელი ქალი, რომელმაც ”დენის მიტინგების” კრიზისის დროს, ტელევიზიის საეთეროს მონიტორებზე გამოსახული ცეცხლმოკიდებული საბურავების ყურებისას, ნაფაზი დაარტყა, ბოლი გამოუშვა, მერე შემომიბრუნდა და მითხრა: ”არა, რა,  лучше ужасный конец, чем бесконечный ужас.” 

ჩემი ტელე-ნოსტალგიური სეანსები, ბოლო დროს, სწორედ ამ მოგონებით მთავრდება და ყველაფერი ერთად იკარგება ინტერნეტის უსაშველოდ დაქსაქსულ, არამშობლიურ და უსასრულო ლაბირინთებში.

(გულედანი გიგი: ”წერილი ვაკუუმიდან”. ანაბეჭდი, 2008; #34: შემოდგომა.)

 

 

3. ახალი ათვლა (”ვარდების რევოლუციის” სათავეებიდან – 2003 წლიდან – დღემდე):

1) … თუ თბილისში ”ერისიონი” სუხიშვილებთან ერთად წარმატებულ კონცერტს ატარებს, იუნესკო ევროპაში ”რუსთავის” კონცერტების გაგრძელებს ითხოს (რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ფოლკლორი ჯერ კიდევ საქართველოს საუკეთესო საექსპორტო პროდუქციად რჩება). და ბოლოს, თუ ამერიკელებს ერაყი აქვთ, ჩვენ ჩვენი პანკისი გაგვჭირვებია.

(მაყაშვილი ბიძინა: ”ახალი დრო”. ”ბიძინა მაყაშვილის სვეტი”, 24 საათი, 2003.)

2) … გერმანული ფილმის გამარჯვებამ [”ოსკარზე”], მერაბ ნინიძის მონაწილეობით, ბევრი გაახარა. არა, ამ შემთხვევაში ქართული კონემატოგრაფის ილუზია არ გვამოძრავებს; ამას დაახლოებით ისევე უნდა შევხედოთ, როგორც ჩემპიონთა ლიგაში კალაძის ”მილანის” შესაძლო გამარჯვებას.

(მაყაშვილი ბიძინა: ”ახალი დრო”. ”ბიძინა მაყაშვილის სვეტი”, 24 საათი, 2003.)

3) უკვე რამდენიმე თვეა, სულ ერთი ხუმრობანარევი წინადადება მახსენდებოდა, რომელიც ფროიდმა თქვა, როცა ფაშისტებმა ვენაში მისი წიგნები დაწვეს: რა კარგია, ცივილიზაცია წინ მიდის: შუა საუკუნეებში მე თვითონ დამწვავდნენ ცეცხლზე, დღეს კი მხოლოდ ჩემ წიგნებს წვავენ. სამწუხარო ამ ჩემ გახსენებაში ის იყო, რომ ნათქვამიდან ნახევარი საუკუნე და ოცი წელი გავიდა…

ნახევარი საუკუნისა და ოცი წლის შემდეგ კი ჭარბი დემოკრატიულობისგან მრავალეტაპგამოვლილ ამერიკაში ახალგაზრდების საკმაო რაოდენობა ქალიშვილობის ინსტიტუტის შექმნას ლამობდა, ჰომოსექსუალური ქორწინების დაკანონებისთვის იღვწოდა და აბორტების საწინააღმდეგო უზარმაზარ აქციებს მართავდა. უამრავი ინგლისელი კონტინენტიდან კონტინენტზე ინაცვლებდა, რომ თავისი რაგბის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობა ეზეიმა. უამრავი ქართველი ქუჩაში იყინებოდა, რომ მინიმალური მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა _ ისინი ქვეყანაში კანონის ლეგალიზაციას ითხოვდნენ, რომ შედარების საფუძველზე თავისუფალი არჩევანის უფლება მოეპოვებინათ.

(მაყაშვილი ანა: ”ცივილიზაცია”. ”თინეიჯერის სვეტი”, 24 საათი, 2003; #307: 26 ნოემბერი.)

4) ამ ბოლო ხანებში ოლიმპიური თამაშები ნაკლებად მაღელვებს. თამაშებისადმი ინტერესს, ძირითადად, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ოქროს მედლის მოლოდინი თუ მინარჩუნებს, რომელიც აგერ უკვე 12 წელიწადი გრძელდება … მართალი გითხრათ, მომბეზრდა ამაყი სინანულის გრძნობა, რომელიც მაშინ მეუფლება, როცა ოლიმპიურ პედესტალზე ქართული გვარის სპორტსმენი ადის, ხოლო ტელევიზორი დინამიკებიდან უცხო ქვეყნის ჰიმნი მესმის.

(მაყაშვილი ბიძინა: ”თებერვალი”. ”ბიძინა მაყაშვილის სვეტი”, 24 საათი, 2004.)

5) და საერთოდ – ნორმალურია, როცა Pepsi-ს ნებისმიერი რეკლამა ბევრად უფრო მიმზიდველია, ვიდრე [ეროვნული] გასართობი ტელეარხის მთელი დღის პროგრამა?!”

(მაყაშვილი ბიძინა: ”თებერვალი”. ”ბიძინა მაყაშვილის სვეტი”, 24 საათი, 2004.)

6) იმ დროისთვის, როცა ეკრანებზე სოხუმში ქართველი ჟურნალისტების დაკავების ნიუსები გამოჩნდა, გერმანიიდან საქართველოს დაუბრუნდა [ჟურნალ] ”ანაბეჭდის” დესანტი დათო ბუხრიკიძის, სალომე დადუნაშვილის და ნინია კაკაბაძის შემადგენლობით, რომელმაც ჟურნალს ბერლინალეს ფესტივალის მასალები ჩამოუტანა. როცა საღამოს ახალი ამბების ცქერისას ხელში ამობეჭდილი ბერლინის სტატიების ფურცლები გიჭირავს, შენსა და გარემომცველ რეალობას შორის უცნაური სიცარიელე ისადგურებს.

(გულედანი გიგი: ”უკან მომავლისკენ”. ”რედაქტორის სვეტი”, ანაბეჭდი, 2008, გაზაფხული.)

7) [2008 წლის] ზაფხულის ყველაზე სასიამოვნო მომენტი ჩვენი (და კიდევ 3) ოლიმპიური სპორტსმენის წარმატება იყო. მაგრამ უსუსური იყო განცდა, როცა რუსების დამარცხებას ვგულშემატკივრობდით ოლიმპიადაზე; გულში სადღაც მაშინაც რაღაც მწყდება, როცა იმაზე მიწევს ფიქრი, ნატო რომ ჯადოსნური სიტყვა გახდა (ბავშვობაში ორი ნატო იყო ჩემთვის აქტუალური: ნატო ონიანი – რაღაც ფსევდო-ანალიტიკურ-პოლიტიური გადაცემა მიყავდა, და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი; დღეს მარტო ეს უკანასკნელი დარჩა) და მომავლის საფუძველი.

(მაყაშვილი ანა: ”სინამდვილეში როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგები (პოსტტრავმული სტრესი)”. დიალოგი, 2008; #26: შემოდგომა.)

8 ) როცა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა, აქაურმა ექსპერტებმა დაგვამშვიდეს – ეს კრიზისი საქართველოს არ ემუქრებაო. თავიდან გამიხარდა, რომ კრიზისი გვერდს აგვივლიდა … ასე გაგრძელდა რაღაც პერიოდი. მერე ნელ-ნელა შემეცვალა განწყობა. ჯერ ცოტათი გული დამწყდა: რატომ უნდა ჩამორჩენოდა საქართველო საერთაშორისო ეკონომიკურ კარნავალს?! ნუთუ არა ვართ საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრები?! ნუთუ ჩვენ არ გვეხება გლობალიზაცია?!

(მაყაშვილი ბიძინა: ”გემოვნება”. ”რადიო თავისუფლების” ბლოგები, 2009, 12 აგვისტო. წყარო: http://www.radiotavisupleba.ge/content/blog/1798498.html )

9) ივნისის დასაწყისში კაცობრიობის ძალიან დიდი ნაწილი, სულ ცოტა ერთი თვით დაივიწყებს პოლიტიკას, ბიზნესს და ყოველდღიურ ბრძოლას არსებობისათვის. მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილი იქნება ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატისაკენ … ამ ზეიმზე საქართველო მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით ისარგებლებს. ეს არ არის ჩვენი ტურნირი. თუმცა, საქართველოს ეკუთვნის ერთი რეკორდი, რომელსაც ვერავინ გაიმეორებს: კახი ასათიანი იყო პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო მსოფლიო ჩემპიონატზე. თუმცა, ეს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მოხდა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი საქართველოს ნაკრების ყველაზე დიდი წარმატება, ალბათ, 2003 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში რუსეთის ნაკრების დამარცხებაა. ამის მიუხედავად, ჯგუფში ბოლო ადგილზე გავედით. სამაგიეროდ, რუსეთს მოვუგეთ!

(მაყაშვილი ბიძინა: ”სპორტი”. ”რადიო თავისუფლების” ბლოგები, 2010, 14 აპრილი. წყარო: http://www.radiotavisupleba.ge/archive/Bidzina_Makashvili/20100401/1022/2341.html)

10) დღეს უკვე აღარავის გვიკვირს, რომ მორიგი ჰოლივუდური ფილმის გაყიდვებმა ჩვენი ქვეყნის მთლიან ბიუჯეტს გადაარჭაბა.

(გიორგობიანი ქეთო: ”კინო+მოდა”. დიალოგი, 2010; #33: ზაფხული)

11)  ჩემს ბინაში ორნი [მე და ჩემი პორტუგალიელი მეგობარი] ვუსხედით სუფრას. ვსადილობდით, მსუბუქად ვსვამდით და ჩვენს ქვეყნებზე ვსაუბრობდით … ჩემს სიტყვებზე – რა გაქვს სალაპარაკო, პორტუგალია ხომ დასავლეთ ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყანაა-მეთქი, რამოშმა აუღელვებლად მიპასუხა – საქართველო კი უფრო ღარიბი რეგიონის, აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყანააო.

(მაყაშვილი ბიძინა: ”სპორტი”. ”რადიო თავისუფლების” ბლოგები, 2010, 14 მარტი.  წყარო: http://www.radiotavisupleba.ge/content/blog/1983055.html)

 

… არ ვიცი, რა შთაბეჭდილება დაგრჩათ (ან თუ დაგრჩათ საერთოდ), მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის – გულს ნუ დავიწყვეტთ, და იმედი ვიქონიოთ, რომ მომდევნო თვეები თუ წლები საქართველოს და მსოფლიოს მონათესავე ცნებებად წარმოაჩენს.

About geoanamania

http://www.youtube.com/watch?v=FvSbt49E2jg&feature=player_embedded
This entry was posted in Serious Category and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to საქართველო და მსოფლიო ”ბლოგბასტარდის” რეპორტაჟში

  1. კახა says:

    როცა განვითარების ჩვენ გზას არ ვიპოვით, ყოველთვის მაჩანჩალები ვიქნებით. არ შეიძლება ევროპას ბრმად მიჰყვე და სადღაც გაუსწრო, თუ რაიმე გლობალური კატაკლიზმი არ შეემთხვა.

    • geoanamania says:

      გეთანხმებით, რომ რაღაცის პირდაპირი კოპირება, როგორც წესი, ყალბი გამოსავალია. მაგრამ როგორც ზუსტად აღარ მახსოვს, ვინ თქვა – ორი გზა არსებობსო: ან დასავლური ღირებულებებისკენ ან არსაითკენო. მოვძებნი, ვინ იყო ამ აზრის ავტორი და დავწერ.

  2. Pingback: Amazon-ი, ალაზანი და ელონ მასკის კულტურული ალუზიები - AT

  3. Pingback: Amazon-ი, ალაზანი და ილონ მასკის კულტურული ალუზიები - AT

Leave a reply to geoanamania Cancel reply